ვასილ როინაშვილი

1879–1958

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეში პროფესიას ეუფლებოდა და მის ხარჯზე ცხოვრობდა რამდენიმე ახალგაზრდა. მათ შორის იყო ოსტატის ბიძაშვილი ვასილი, რომელიც კარგად ხატავდა, გატაცებით ეუფლებოდა ფოტოგრაფიის საფუძვლებს.

ალექსანდრე როინაშვილი დიდი ძალისხმევის ხარჯზე აგროვებდა ექსპონატებს ქართული მუზეუმისათვის, რომლის დაფუძნება დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა. რუსეთის ქალაქებში იღბლიანი ტურნეს შემდეგ, სადაც მისი მუზეუმი–გამოფენა წარმატებით სარგებლობდა ფართო საზოგადოებაში, მან ჩაიფიქრა ევროპაში გამგზავრება. ამდენად გარდა ხატვის გაკვეთილებისა, ვასილი ფრანგული ენის გაკვეთილებსაც იღებდა. ერთი წელი მან პეტერბურგში გაატარა, სადაც სწავლობდა სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. როცა ის პირველად გამოჩნდა კლასში და შეუდგა ხატვას, სეანსის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველა დანარჩენი მოწაფე ვასილს ხატავდა, ლამაზსა და ტანად ჭაბუკს, ეგზოტიკურ ჩოხაში მოკაზმულს. 1898 წლის მაისში ალექსანდრე როინაშვილის ნაადრევმა სიკვდილმა ახალდაზრდა ვასილს სწავლა შეაწყვეტინა. ის დაბრუნდა თბილისში, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომელმაც ფოტოატელიე ანდერძით მიიღო, დანიშნა მმართველად და დაავალა საქმის გაგრძელება. ერთი წლის მუშაობის შემდეგ, ვ. როინაშვილმა დატოვა ფოტოატელიეც და თბილისიც. ცოტა ხანს იგი სიღნაღში მუშაობდა, ხოლო 1902 წელს გაემგზავრა შუა აზიაში – ბუხარაში სამუშაოს საძებნელად.

1905 წელს ვ. როინაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და დაფუძნდა თელავში, სადაც ცოლად შეირთო სოფიო ყაზახაშვილი, ააშენა დიდი სახლი და პირველ სართულზე მოაწყო ფოტოატელიე. ეზოში მან გააშენა ბაღი და ამ ბაღის საკუთარი ხელით დეკორირებულ კუთხეებში იღებდა პორტრეტებს და ჯგუფებს. ასე გაატარა მან არა ერთი ათეული წელი და იშვიათად ტოვებდა თავის კარ–მიდამოს.

ხანდახან ის ქმნიდა კომპოზიციებს, წარმატებით ახერხებდა ფოტოსურათების შევსებას მხატვრობით. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ნაწარმოები – (განხორციელებული ქართული ოცნება), რომელზეც თავად ავტორი წამოწოლილია ზეცაში გაზეთით ხელში, ირგვლივ ქართული ქეიფის ატრიბუტებია - ღვინო, ყანწები, ნანადირევი, სამუსიკო ინსტრუმენტები, ქვემოთ თოვლიანი მწვერვალები.

შემორჩენილია ადრეული პერიოდის ნახატებიც. განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა პორტრეტები, იგი ახერხებდა გადმოეცა მის გარშემო ატელიეში მყოფ პირთა მსგავსება და ხასიათი. სწორედ ამ ნახატებმა შეგვაძლებინა ალექსანდრე როინაშვილისა და მისი მოწაფეების ჯგუფურ სურათზე რამდენიმე უცნობი პირის იდენტიფიკაცია.

მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ვ. როინაშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, რომლის რაზმში ჩაეწერა 1918 წელს და მონაწილეობა მიიღო სომხეთ-საქართველოს ომში. დაბრუნების შემდეგ ბევრს მუშაობდა, არ შეუშინდა გადაეღო ცნობილი ყაჩაღები “ტყის ძმები” ხარება და გოგია. ამ ფოტოების სერია დღემდე პოპულარობით სარგებლობს კახელებში.

თელავისა და მისი შემოგარენის მცხოვრებთა რამდენიმე თაობამ გაიარა ამ შესანიშნავი ფოტოგრაფ–მხატვრის ობიექტივის წინ და დარჩა აღბეჭდილი მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებძე.

გიორგი გერსამია

ვასილ როინაშვილის ფოტოები ინახება თენგიზ ბერიძესთან, თბილისში


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია