ფოტოგრაფიული პორტრეტი საქართველოში

1850-1900

ქართული პორტრეტული ფერწერის ადრეული ნაწარმოებები მიეკუთვნება XVIII საუკუნეს. დამკვეთები იყვნენ მაღალი საზოგადოების და სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები. XIX საუკუნის შუა წლებში მათ შეუერთნენ მდიდარი ვაჭრები და ჩინოვნიკები.

XIX საუკუნის 40-იან წლებში პირველი დაგეროტიპისტების – ვერნერის, ტაშერეს, ჰაუპტის და ალექსანდროვსკის გამოჩენისთანავე, შემდეგ კი ფოტოატელიების რიცხვის ზრდამ საქართველოში უსაქმოდ დატოვა მხატვარი – პორტრეტისტები. ზოგმა მათგანმა თანამშრომლობა დაიწყო ფოტოგრაფებთან რეტუშორის სახით, ზოგი ხატავდა პორტრეტებს ფოტოდან, ზოგი კი აფერადებდა ფოტოსურათებს. ცნობილმა პორტრეტისტმა “საქართველოს რაფაელმა” აკოფ ოვნათანიანმა დატოვა ტფილისი და გადასახლდა სპარსეთში. 1868 წელს მან შეიტანა თხოვნა იმის შესახებ, რომ მიეცათ ნება შესულიყო მისი უდიდებულესობის სპარსეთის შაქის სამსახურში. “მთელ რუსეთში ფოტოგრაფიის გავრცელების გამო, მე ჩემდა სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ტალანტით აღარ შემიძლია მოვიპოვო ის საარსებო საშუალებები, რომლებიც აქამდე მქონდა”.

პორტრეტული ფოტოგრაფია შემოსავლიანი საქმე იყო პოპულარობის და ხელმისაწვდომობის გამო. მოდაში შემოვიდა ფოტოსურათების გაცვლა. ტფილისში პოსტდაგეროტიპულ პერიოდში წარმატებით მუშაობდნენ ფოტოგრაფები ა. ოკულოვსკი, ს. მორიცი, ა. სანოვიჩი, ა. მაკაროვიჩი, მ. ლევიტესი, ორლაი დე კარვა, ე. ვესტლი, არუთინ შახბაზიანი (არტური) და სხვები. ქუთაისში იღებდნენ ი. გოლდენფანი, ი. ვასილევსკი, ვ. ბარკანოვი. პორტრეტული ატელიები იხსნებოდა სხვა ქალაქებშიც.

თანდათან ხდებოდა ტექნიკური სიძნელეების გადალახვა, მცირდებოდა ექსპოზიცია, უმჯობესდებოდა პორტრეტული ობიექტივების ხარისხი. ფოტოგრაფები შემოქმედებითად არჩევდნენ პოზებს, ფონებს, რბილ ტონალურ განათებას და ხშირად აღწევდნენ მხატვრულ დონეს.

საქართველოს ფოტოგრაფებმა შექმნეს საზოგადო მოღვაწეთა, მწერლების, მსახიობების, საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლების პორტრეტების შთამბეჭდავი კოლექცია.

გიორგი გერსამია


მთავარი მენიუ

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია