დიმიტრი ნიკიტინი

სამწუხაროდ, ძნელად ხერხდება XIX საუკუნეში საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ფოტოგრაფების ბიოგრაფიების აღდგენა დოკუმენტების, ძველი გაზეთებისა და ცნობარებისაგან ამოკრებილი მცირერიცხოვანი ცნობებისაგან.

დ. ნიკიტინმა იმსახურა ტფილისში დაახლოებით 20 წელი. 1863 წ. მუშაობს ექიმის თანაშემწედ ჰოსპიტალში, მიიწევს სამსახურეობრივ საფეხურებზე, ხდება საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი, თავისუფალ დროს კი ფოტოგრაფიას უთმობს.

1874 წ. ტფილისში შეიქმნა კავკასიის სამხატვრო საზოგადოება რეგიონში სამხატვრო მოღვაწეობის განვითარების მიზნით. საზოგადოებამ დააარსა მხატვრულ ნაწარმოებთა მუდმივი გამოფენა და ითვალისწინებდა გადაღებებისთვის ფოტოგრაფიული პავილიონის მოწყობასაც. ამგვარად, პროფესიონალ ფოტოგრაფებსა და ფოტოგრაფიის მოყვარულებს გაუჩნდათ ურთიერთობის, ფოტოგრაფიის პრობლემებზე მსჯელობის, გამოფენილი ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

დ. ნიკიტინი, ვ. ბარკანოვი და დ. ერმაკოვი მივლინებული იყვნენ კავკასიის ფრონტის რუსული ჯარების შტაბში და ქმნიდნენ 1877-1878 წლების რუსეთ- თურქეთის ომის ფოტომატიანეს. ჩანახატები და გრავიურები მათი ფოტოსურათების მიხედვით იბეჭდებოდა ილუსტრირებულ ჟურნალებში. სამხედრო სურათების ალბომებმა დ. ნიკიტინი ცნობილი გახადეს. იმ დროის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ფოტოსურათები სტატიური იყო. მაგრამ ავტორი არჩევდა ფონს რუსი ჯარისკაცების ჯგუფური სურათების გადასაღებად, მხატვრულად განალაგებდა მათ, კარგად ჩანდა ეროვნული ტანსაცმლის დეტალები, იარაღი. ის იღებდა ჯარების პოზიციებს, ცდილობდა მიეღწია მკაფიო პლანებისა და გამოსახულების სიღრმისეული სიმკვეთრისათვის. მოგვიანებით დ. ნიკიტინი დიდი წარმატებით ათავსებდა თავის ფოტოსურათებს სხვადასხვა გამოფენებზე.

გიორგი გერსამია


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია