ქართული ოჯახი

1850-1914

შუასაუკუნეების ქართულ ფრესკულ ფერწერაში ცნობილია ოჯახური ჯგუფების გამოსახულებები ხონში, წალენჯიხაში, ნეკრესში და სხვ.

ცნობილია იშვიათი ფერწერული ნიმუშიც ოჯახური პორტრეტისა, კერძოდ, მე-19 საუკუნის შუა წლებში უცნობი ქართველი მხატვრის მიერ ფრესკული ფერწერის ტრადიციით შესრულებული ნიკოლოზ მუხრან-ბატონის ოჯახის ჯგუფური პორტრეტი.

ფოტოგრაფიის გამოჩენამ შესაძლებელი გახადა ოჯახის მთელი შემადგენლობით გადაღება, რამაც, ტრადიციულად მჭიდრო ოჯახური ურთიერთობების გათვალისწინებით, იმთავითვე პოპულარობა მოიპოვა. ფრონტალურ ფოტოსურათებზე ასახულია ქართული ოჯახების რთული სტრუქტურა, გარდა მშობლებისა და შვილებისა, ისინი მოიცავდნენ ნათესავებსაც, ოჯახის უფროსის ან მისი მეუღლის მშობლებს, ხანდახან დისშვილებსა და ძმისშვილებს. დამკვეთის თხოვნით, ფოტოგრაფი ოჯახურ ჯგუფში სვამდა იქ არ მყოფ ოჯახის წევრს სხვა ფოტოსურათის გამოყენებით. ზოგჯერ სურათს იღებდნენ ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფოტოსურათთან ერთად.

ქართველი თავადაზნაურობის ზოგიერთი წარმომადგენელი ითვისებდა ევროპულ კოსტუმსა და ცხოვრების წესს. ქართველ ქალების უმეტესობა ინარჩუნებდა ტრადიციულ ჩაცმულობას. საქართველოში ადგილი ჰქონდა ეროვნებათშორის ქორწინებებსაც, რაც განაპირობებდა სხვადასხვა ეროვნული კულტურის ურთიერთგავლენას.

გიორგი გერსამია


მთავარი მენიუ

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია