დიმიტრი ერმაკოვი

1846-1916

დიმიტრი ერმაკოვი – რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფი – პროფესიონალი დაიბადა 1846 წელს თბილისში. 1866 წლიდან იგი უკვე მისდევს ფოტოგრაფიას და სულ 4 წლის შემდეგ ხდება საყოველთაოდ ცნობილი სპეციალისტი. გაზეთი “კავკაზი” წერდა: “ერმაკოვის ფოტოგრაფიები გამოირჩევა თავისი მხატვრული სრულყოფით და წარმოადგენს დიდ ინტერესს ეთნოგრაფიის და არქეოლოგიის თვალსაზრისით”. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს იგი მონაწილეობას ღებულობს როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. 1880 წელს დ. ერმაკოვი ხსნის თბილისში საკუთარ ფოტოატელიეს და წარმატებით მუშაობს მრავალ ჟანრში.

ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში, სადაც იღებდა ქალაქების ხედებს, პეიზაჟებს, არქიტექტურულ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ ჯგუფებს. დ. ერმაკოვი მონაწილეა მრავალი, რუსეთში თუ უცხოეთში გამართული ფოტოგამოფენებისა, სადაც 36 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. 1897 წელს ნიჭიერ ფოტოგრაფს ირჩევენ კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა ხელისშემწყობ საზოგადოების წევრ -კორესპონდენტად. 1907 წელს იგი ხდება მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, ხოლო 1912 წელს თბილისის კაზმულ ხელოვნებათა საზოგადოების წევრ-დამფუძნებელია.

დ. ერმაკოვი ხშირად იღებდა მონაწილეობას სამეცნიერო ექსპედიციებში. კერძოდ, 1910 წელს მან განახორციელა მოგზაურობა სვანეთში, სადაც გადაიღო ცხრაასამდე ფოტოსურათი, რომელთა შორის მრავალი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლია. იმერეთში მან დეტალურად გადაიღო ხუროთმოძღვრების ძეგლები – ჯრუჭი, კაცხი, სავანე, მონასტერი მღვიმევი. მის მიერ გადაღებულ ძეგლთა შორის არის ძეგლები, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს. წარმოდგენა მათზე ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ მხოლოდ მისი ფოტოსურათების მიხედვით. დ. ერმაკოვი გარდაიცვალა 1916 წლის 10 ნოემბერს (28 ოქტომბერს ძვ. სტ.) თბილისში.

მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მუშაობის შედეგია ვრცელი ფოტოკოლექცია, რომელიც შედგებოდა ოცდაათიათასამდე ნეგატივისაგან.

ცალკეული ფოტოგრაფიული სერიების ჩამოთვლაც კი გვაძლევს წარმოდგენას მის ფართო გეოგრაფიულ დიაპაზონზე – “თბილისი და მისი შემოგარენი, ქუთაისი, ბათუმი, ერევანი, ანისი, ბაქო, კისლოვოდსკი, იალტა, აშხაბადი, სამარყანდი, ბუხარა, კონსტანტინოპოლი, ტრაპიზონი, ათენი, ვარნა, თეირანი, ისპაჰანი, აფხაზეთი, კახეთი, ხევსურეთი, ფშავი და ბევრი სხვა”.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს “თბილისური სერია” – სერია მიძღვნილი ქალაქისადმი, რომელიც ფოტოგრაფის შემოქმედების მუდმივი ობიექტი იყო. შემონახული ნეგატივები იძლევა თბილისის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს.

ერმაკოვის კოლექცია, რომელიც უდაოდ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ისტორიულ ღირებულებას, 1918 წელს, ერთობლივად შეიძინეს საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებამ და თბილისის უნივერსიტეტმა.

დ. ერმაკოვის ნამუშევრებს, გარდა ისტორიულ დოკუმენტურისა, მხატვრული ღირებულებაც გააჩნია. მათი ტექნიკური შესრულება განსხვავდება მაღალი პროფესიული დონით. ფოტოგრაფი თვალყურს ადევნებდა იმდროინდელი ფოტოგრაფიული ტექნოლოგიის განვითარებას და უახლეს მიღწევებს იყენებდა თავის საქმიანობაში.

იგი მუშაობდა ჯერ სველ კოლოიდურ, ხოლო შემდგომში კი სხვადასხვა ფორმატის მშრალ ბრომჟელატინის ფირფიტებზე. ფოტოსურათებს ბეჭდავდა კონტაქტურად ალბუმინის დღის (ყავისფერი ტონის) ქაღალდზე და ძალიან იშვიათად მიმართავდა კადრირებას, ვინაიდან უკვე გადაღებისას ირჩევდა კომპოზიციას, რომელიც მთლიანად ავსებდა კადრს.

მისი შემოქმედებითი სტილის დამახასიათებელი ნიშანია – მისწრაფება სივრცის მაქსიმალური გამოვლენისაკენ.

ისტორიული ძეგლების გადაღებისას, იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, არა მარტო ზუსტად, დოკუმენტურად, აღებეჭდა ძეგლი, არამედ გადმოეცა მისი ხასიათი, შეექმნა მნახველისათვის გარკვეული შთაბეჭდილება მასზე.

თამაზ გერსამია

დ. ერმაკოვის ნამუშევრების ნეგატივები ინახება საქართველოს ხელოვნების და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში.

< /td>


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია